რამზან კადიროვი

რამზან კადიროვს "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა

რამზან კადიროვი
ТАСС

ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა. კადიროვმა სამკერდე ნიშანი სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრ ირეკ ფაიზულანისგან მიიღო.

სამშენებლო ინდუსტრიის კონკრეტულად რა მიღწევებზეა საუბარი, უცნობია. ასეთი წოდება რუსეთში სამშენებლო სფეროში მხოლოდ 20 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს გადაეცემათ.

რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости-ს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია გროზნოში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დროს გაიმართა. ჩეჩნეთის ლიდერს ჯილდო გადაეცა "პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის". თავის მხრივ, რუსეთის მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ფაიზულინმა, კადიროვისგანაც მიიღო მედალი - "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე  დამსახურებისთვის".

რამზან კადიროვს, რომელიც რომელიც აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციების სიაშია, რუსეთის გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის სპეციალურ წოდებას და ასევე გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ამას გარდა აქვს ასზე მეტი სხვადასხვა დამსახურების და დონის მედალი, ორდენი და წოდება, მაგალითად, საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდება.

2020 წლის 20 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადიროვი სანქციების სიაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ჩაამატა. სანქციები ასევე შეეხო მის მეუღლეს მედნი კადიროვას და მის ქალიშვილებს, აიშატ და კარინა კადიროვებს. სანქციები მოიცავს  ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და საქმიანი კონტაქტების შეზღუდვას , ასევე აშშ-ს ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას. მანამდე, კადიროვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დაწესდა.

კომენტარები