ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ჯიოევი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთი ცდილობს, ხელი შეგვიწყოს მოლაპარაკებების დაწყებაში

ახსარ ჯიოევი და სერგეი ლავროვი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს. 

ჯიოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთის მიმართებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოდან უცვლელი რჩება" და რუსეთი "ყველაფერს აკეთებს", რათა საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებს შორის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას შეუწყოს ხელი. 

"რუსი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ჟენევის დისკუსიის ფორმატში მოლაპარაკებების დაწყებასა და შეთანხმების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას. ამას მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი", - თქვა ჯიოევმა. 

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერი მოლაპარაკების შემთხვევაში, "[ე.წ. სამხრეთ ოსეთი] აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან ამოვა". 

ცნობისთვის, გუშინ, 28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს. 

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარსულს უბრალოდ სამართლიანად აფასებს. მათ ასეც თქვეს, რომ ისტორიული შერიგება გვსურსო. ხოლო რა სახით, რა ფორმით მოხდება ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, რაღაც სახის კონტაქტი გარდაუვალია.

თუ ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის... ჩვენ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში მზად ვიქნებით დასახმარებლად". - თქვა ლავროვმა. 

მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."

მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო

"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი. 

კომენტარები