სამეგრელოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების შედეგად, გდდ-ს თანამშრომელი ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა - ბრალდებულსა და დაზარალებულს 2024 წლის 10 აგვისტოს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სსს-ს თქმით, ბრალდებულმა სამართალდამცავმა, მისი ოჯახის წევრთან ერთად დაზარალებულს "სისხლმდენი დაზიანებები" მიაყენა და დანის გამოყენებით, მოკვლით დაემუქრა.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა.
აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ სამართალდამცავმა და მისი ოჯახის წევრმა, მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან, ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, რის საფუძველზეც ჯგუფური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს და მის ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია უწყების განცხადებაში





