კესარია აბრამიძის მკვლელობა

PHR: აბრამიძის მკვლელობა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჰომოფობიის შედეგია

"უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა - ღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა" - პარტნიორობა ადამიანის ოფლებებისთვის (PHR) კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"პირველ რიგში, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კესარიას ოჯახს. ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს აწარმოონ საქმის ეფექტური გამოძიება და სამართლინად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. 

აქვე აღვნიშნავთ, უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედია საშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში. სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც, ზოგადად, ბოლო წლებში ქვიარ ჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

გუშინ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები