დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტზე რეიდი ჩაატარა, ირანელი სამხედროები გაიტაცა

ისრაელის საჰაერო ძალების ელიტური 669-ე ქვედანაყოფის სამხედროები წვრთნებზე, საილუსტრაციო ფოტო.  
Israel Defense Forces

დაუდასტურებელი ცნობებით, ისრაელის სპეცდანიშნულების ძალებმ სირიაში, მასაიფის რეგიონში ამ კვირის დასაწყისში ირანის იარაღის საწარმო დაწესებულბაზე რეიდი ჩაატარეს.

აქამდე, კვირას, 8 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომ ისრაელმა ცენტრალურ სირიაში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, 43 დაშავდა და ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივი სირიული მედია ავრცელებდა ცნობას, რომ იერიშების სამიზნე მასიაფში მდებარე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ამ ობიექტში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ირანულ ძალებთან ერთად ქიმიურ იარაღსა და მაღალი სიზუსტის რაკეტებზე მუშაობდა.

12 სექტემბერს გავრცელებულ ცნობებში პირველად არის ნათქვამი, რომ ოპერაციაში ისრაელის სამხედროები ხმელეთზეც მონაწილეობდნენ.

სირიული ოპოზიციური არხის ცნობით, ისრაელის ვერტმფრენები სირიის ტერიტორიაზე არ დაშვებულან, თუმცა სპეცდანიშნულების ძალები მიწაზე თოკებით ჩამოხტნენ. ინფორმაციის მიხედვით, ობიექტზე მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც რამდენიმე სირიელი მოკვდა, 2 ან 4 ირანელი კი ტყვედ აიყვანეს. ამავე ცნობების მიხედვით, ოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის კომუნიკაციების ცენტრიც იყო.

ისრაელის მე-12 არხის თანამშრომლის თქმით, მას "უსაფრთხოების წყაროებმა" უთხრეს, რომ ეს მოქმედებები იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაწესებულებაში, სადაც აწარმოებენ ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, რომელთა ნაწილსაც ლიბანში მოქმედ ჰეზბოლასაც აწვდიან.

ამავე ცნობით, დაწესებულების შემოგარენზე საჰაერო იერიშები წინასწარ მიიტანეს, რათა სირიელ სამხედროებს ტერიტორიამდე ვეღარ მიეღწიათ, სანამ ისრაელის ვერტმფრენებით სპეცდანიშნულების ძალები ადგილზე მივიდოდნენ. მათ ზურგს უმაგრებდა მოიერიშე ვერტმფრენები და დრონები. ამავე ცნობით, ისრაელელი სამხედროები ცენტრში შევიდნენ, წაიღეს დოკუმენტები და აღჭურვილობა, შემდეგ კი ობიექტის გასანადგურებლად ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს.

ისრაელს ამ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები