საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უწყებამ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მაკრონი პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე ახალი სახალხო ფრონტის კოალიციიდან კანდიდატის დანიშვნას გამორიცხავს. ამის ნაცვლად, იგი პარტიებთან ახალი მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.
განცხადებაში წერია, რომ ვინაიდან ახალი სახალხო ფრონტის მიერ მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობას პარლამენტში ყველა პარტიის მხრიდან უნდობლობის გამოცხადება მოჰყვება, მაკრონი პარტიებთან მოლაპარაკებების ახალ ტალღას დაიწყებს.
მანამდე, 26 აგვისტოს, ლე პენის პარტია ეროვნული ერთობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პარტია ახალი სახალხო ფრონტის ნებისმიერ წარდგენილ კანდიდატს დაბლოკავს.
მაკრონის განცხადება მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ჯერჯერობით კვლავ ვერ დამთავრდება.
მთავრობის ჩამოყალიბებასა და პრემიერმინისტრის დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობა - 289 მანდატი - სჭირდება, რაც არჩევნებზე ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა: პირველ ადგილზე გასულმა მემარცხენე კოალიციამ, ახალმა სახალხო ფრონტმა 188 მანდატი მოიპოვა, ემანუელ მაკრონის კოალიციამ - 161, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტურმა ეროვნულმა ერთობამ, პირველ ტურში ლიდერობის მიუხედავად, 142.
ახალი სახალხო ფრონტი საკმაოდ მყიფედ და არასტაბილურად შექმნილი მემარცხენე კოალიციაა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონია. გაერთიანებაში შედის ქედმოუხრელი საფრანგეთი (La France Insoumise), ეკოლოგისტები, სოციალისტური პარტია, საფრანგეთის კომუნისტური პარტია და სხვა შედარებით მცირე მემარცხენე პარტიები.
30 ივნისს და 7 ივლისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები ორ რაუნდად ჩატარდა. პირველ ადგილზე გასულმა მემარცხენე კოალიციამ, ახალმა სახალხო ფრონტმა 188 მანდატი მოიპოვა, ემანუელ მაკრონის კოალიციამ - 161, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტურმა ეროვნულმა ერთობამ, პირველ ტურში ლიდერობის მიუხედავად, 142.
საბოლოო შედეგების მიხედვით მთავრობის ჩამოყალიბებას და პრემიერმინისტრის დანიშვნას დამოუკიდებლად ვერც ერთი კოალიცია ახერხებს. ამგვარ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო უმრავლესობა - 289 მანდატი სჭირდება