2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

აშშ: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

REUTERS/Al Drago/Pool

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ბლინკენი აშშ-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ იმეორებს და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. 

"დღეს, ომიდან 16 წლის თავზე, ჩვენ ვიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრას და იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო კამპანიისა და ოკუპაციის შედეგად დაიღუპნენ, დაშავდნენ ან იძულებით გადაადგილდნენ. დღემდე რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და იქაც საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, მათ შორის, აქვს პრეტენზია, რომ აფხაზეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწები საკუთარ ტერიტორიებს შეუერთოს თუ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ააშენოს.

აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტური პოზიციებიდან და დაუშვას შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ამ მოქმედებების შესრულება ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის მიერ სახლში მშვიდობიანად დაბრუნების წინაპირობა იქნებოდა. 

ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ სწრაფვაში აშშ-ს მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ მტკიცეა". - წერია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. 

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები