ინდოეთი

ამერიკელმა ქალმა ინდოეთში, ტყეში, ხეზე თავი მიიბა და ამბობს, რომ ასე 40 დღე გაატარა

ამერიკელმა ქალმა ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში მდებარე ტყეში ხეზე თავი მიიბა. ის ამ მდგომარეობაში 27 ივლისს იპოვეს.

ქალი ამტკიცებდა, რომ ის ხეზე ქმარმა მიაბა და ასე 40 დღე გაატარა.  თუმცა, როგორც BBC-ი ექიმსა და პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ამერიკელმა ქალმა ხეზე თავი თავად მიიბა.

50 წლის ლალიტა კაის ყვირილი მწყემსმა გაიგონა. მისი ჩვენების მიხედვით, ქალი ცალი ფეხით იყო მიბმული ხეზე და "ცხოველივით ყვიროდა". მწყემსმა ადგილობრივ პოლიციას დაურეკა და კაი საავადმყოფოში, ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ კი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პოლიციისთვის მიცემულ წერილობით ჩვენებაში ქალმა თქვა, რომ ხეზე ქმარმა მიაბა და შიმშილითა და წყურვილით მოსაკლავად ტყეში დატოვა, სადაც მან 40 დღე გაატარა. პოლიცია საეჭვოდ მიიჩნევს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე გადარჩენა შესაძლებელია. 

კაი საჯარო კომენტარს არ აკეთებს. კონფიდენციალურობის უფლების მოტივით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა აშშ-ს საელჩომაც.

სინდჰუდურგის პოლიციის ზედამხედველის განცხადებით, ლალიტა კაი ახლა ამბობს, რომ მას ქმარი არ ჰყოლია და პირველი ჩვენების მიცემისას სავარაუდოდ ჰალუცინაციები აწუხებდა.

პოლიციის ცნობით, ქალი ამბობს, რომ მას ვიზის ვადა ეწურებოდა და ფული გაუთავდა, რის გამოც ბორკილები იყიდა და თავი ხეზე მიიბა.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ზედამხედველის თქმით, ლალიტა კაის მდგომარეობა უმჯობესდება.

"ჭამს, დადის და ვარჯიშობს. მკურნალობს და ასევე იღებს საკვებ დანამატებს, რომლებიც მის ორგანიზმს აკლია". - ამბობს ექიმი სანგამიტრა.

უკვე ნაპოვნია ქალის ოჯახი ამერიკაში და მათთან სატელეფონო კავშირიც შედგა.

კომენტარები