დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ირანი ისრაელს შესაძლოა ორშაბათს დაესხას თავს

 Photo: AFP via Getty Images

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანმა ისრაელზე იერიში, შესაძლოა, ორშაბათს მიიტანოს. ამის შესახებ გამოცემას აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს. 

ისრაელმა ირანის შეტევის მოსაგერიებლად მზადება უკვე დაიწყო. ირანის მოსალოდნელი თავდასხმის მიზეზად ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერების, ფუად შუქრისა და ისმაილ ჰანიას მკვლელობა სახელდება. 

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა რეგიონში უკვე ჩავიდა, რათა ირანის შეტევის მოსაგერიებლად რეგიონული კოალიციის შექმნის შესახებ იმსჯელოს. 

როგორც Axios-ს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, ირანი ისრაელზე ამავე წლის 13 აპრილს განხორციელებული თავდასხმის მსგავს იერიშს გეგმავს, თუმცა უფრო მასშტაბურს. 

გამოცემის ინფორმაციითვე, უცნობია, ჰეზბოლა და ირანი ერთობლივ იერიშს განახორციელებენ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებენ ისრაელის წინააღმდეგ. 

პენტაგონის ცნობით, აშშ-მ რეგიონში საბრძოლო თვითმფრინავების ესკადრილია და საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერები და გამანადგურებლები გააგზავნა, რათა "დაეხმაროს ისრაელის თავდაცვას და უზრუნველყოს აშშ-ს მზადყოფნა ["ირანისა და მისი მარიონეტების" შესაძლო თავდასხმაზე] საპასუხოდ". 


ცნობისთვის, 28 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.

რეგიონში არსებული დაძაბულობისა და მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის გამო, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დატოვების შესახებ მოუწოდეს

კომენტარები