რუსეთში სააქციო საზოგადოება Военторг-ის ხელმძღვანელი, ვლადიმირ პავლოვი თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ირინა ვოლკი ადასტურებს.
ვოლკის თქმით, საქმე აღძრულია "რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების ქურდობასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების დროს".
გამოძიების ცნობით, 2019 წელს, Военторг-ის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, სხვა თანამზრახველებთან ერთად, "დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა თავდაცვის სამინისტროს თანხების მოპარვას".
"ორგანიზებულ შეთქმულებაში მონაწილეები უზრუნველყოფდნენ სამთავრობო კონტრაქტების დადებას არმიისთვის საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდებაზე. კონტრაქტების ჯამური ოდენობა იყო დაახლოებით 625 მილიონი რუბლი". - თქვა ვოლკმა.
მისივე თქმით, ბრალდებულების ქმედებების შედეგად საქონლის ფასი ხელოვნურად 400 მილიონ რუბლზე მეტით გაიზარდა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ვლადიმირ პავლოვი ბრალს არ აღიარებს.





