ფლორენციის პროკურატურის ცნობით, იტალიის საგადასახადო პოლიციამ 29 ივლისს რუს ბიზნესმენს ჯამში დაახლოებით 41 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონების აქტივები და ჰოლდინგები ჩამოართვა.
რუსი ბიზნესმენი უკრაინის გამოძიების ქვეშ სავარაუდო კორუფციის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით იმყოფებოდა, ხოლო იტალიაში მისი ქონების ჩამორთმევა უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურის მოთხოვნით განხორციელდა.
ბიზნესმენის ვინაობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა სასამართლოს და ცალკეულმა იურიდიულმა წყარომ Reuters-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი საზელი ალექსეი ფედორიცევია. იტალიის რამდენიმე ადგილობრივმა მედიამ, მათ შორის ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა Corriere della Sera-მ იგივე ვინაობა დაასახელეს.
იტალიელი პროკურორების თქმით, ფედორიცევმა უკრაინაში უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების ფლორენციაში დაფუძნებული ტრასტის მეშვეობით ხელახლა ინვესტირება გააკეთა და ამჟამად ტოსკანის დედაქალაქში უძრავი ქონების დიდ კომპლექსს ფლობს.
მედია Corriere della Sera-ს ცნობით, ჩამორთმეული აქტივების ნაწილია მე-12 საუკუნის ტორე დელ გალოს ციხესიმაგრეც.
ფედორიცევი გადაზიდვებისა და საქონლის ვაჭრობის სფეროში ლოჯისტიკის გლობალური ლიდერი კომპანიის, Fedcom Group-ის, თავმჯდომარე და დამფუძნებელია. ის ამჟამად ოჯახთან ერთად მონაკოში ცხოვრობს.
იტალიის მიერ ამ რუსი ბიზნესმენის ქონების ჩამორთმევა ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი არ არის.