კრიმინალი

13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა – სსს-მ 1 პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის მამაკაცი დააკავეს.

სსს-ს ცნობით, ბრალდებულმა გამოგონილი სახელით, სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით, 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟით, არასრულწლოვანი აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.

"2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.

დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული". - ნათქვამია სსს-ს განცხადებაში.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები