ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ღაზის სექტორში კიდევ ოთხი მძევლის დაღუპვა დაადასტურა

AFP

ისრაელმა ღაზის სექტორში კიდევ ოთხი ისრაელელი მძევლის დაღუპვა დაადასტურა. როგორც ცნობილია, ოთხივე მძევალი ხან იუნისის შეტევისას მოკლეს და აქამდე მათი ცხედრები ისევ პალესტინური შეიარაღებული ჯგუფების ხელში იყო

51 წლის ნადავ პოპლეველი, 79 წლის ხაიმ პერი, 80 წლის იორამ მეცგერი და 85 წლის ამირამ კუპერი ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს კიბუცებიდან გაიტაცეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ბოლო დროს დაზვერვის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შეუძლიათ დაადასტურონ ამ ოთხი მძევლის სიკვდილი.

აპრილში ჰამასის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნადავ პოპლეველი მკვდარი იყო. მას ისრაელის და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, რის გამოც, მისი გარდაცვალების გამოძიებაში ბრიტანული მხარეც იყო ჩართული. ნადავ პოპლეველს 7 ოქტომბერს დედასთან და ძმასთან ერთად გაიტაცეს, დედა მოლაპარაკებების შედეგად ჰამასმა გაათავისუფლა, ხოლო ძმა თავდასხმისას მოკვდა. ღაზაში ტყვეობაში კიდევ დაახლოებით 120 მძევალი რჩება. 

კომენტარები