რუსული კანონი

უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის განახლებაზე – სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

Facebook/თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს ამბობენ. 

სტუდენტთა ინფორმაციით, დღეს, 12 მაისის, საღამოს 9 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ვრცელ განცხადებას გააკეთებენ. 

ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, თანამოაზრეები გავერთიანდეთ.

ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა, რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატორულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში მაშინ, როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება.

ყოველივე კი იმ ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, რომლებიც ასე ფუნდამენტურია უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ვუერთდებით რა პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე.

აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ შემოგვიერთდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

არა რუსულ კანონს და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ გზას გვაშორებს! 

კომენტარები