რუსული კანონი

ოხანაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ონლაინმედიები პარლამენტში არ შეუშვეს

ტაბულა

პარლამენტის იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ტყუილია, რომ ონლაინმედიებს პარლამენტში არ უშვებენ. 

კითხვა ამის შესახებ ოხანაშვილს ევროოპტიმისტების წევრმა ხატია დეკანოიძემ, ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ დაუსვეს.

"ტყუილია. ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. [...] აქ არიან არასამთავრობოები, ვინც გვთხოვა მაქსიმალურად მივეცით საშაულება დასწრებოდნენ. ასევე, ვინც ითხოვა მედია ორგანიზაციებმა, ყველას მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს" - თქვა დეკანოიძის პასუხად ანრი ოხანაშვილმა. 

ოხანაშვილის თქმით, საშვი დაუშვეს ყველა მედიაზე, ვინც მედია ადვოკატირების სახელით ითხოვა დასწრება. 

"პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა გრძელდება. რუსული კანონის განხილვა ონლაინ მედიის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს" - წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია სოციალურ ქსელში და პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან ფოტოებს აქვეყნებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მათ, ვინც რუსულ კანონს ახსენებს, მიკროფონს უთიშავს. 

გუშინ, 14 აპრილს, პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორებს შეეზღუდებათ. დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები.

ტაბულა დაუკავშირდა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ შეზღუდვა ონლაინმედიებზეც გავრცელდება.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები