ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის თქმით, ისრაელთან შეთანხმების დასადებად 40 მძევალი არ ჰყავთ

Cbc.ca

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ისრაელთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასადებად 40 მძევალი არ ჰყავთ.

ისრაელის თქმით, ჰამასის ტყვეობაში ჯერ კიდევ 133 მძევალი რჩება. თუმცა, 10 აპრილს CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰამასს შეთანხმების დასადებად საჭირო 40 მძევალი არ ჰყავს. მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უწყებამ CNN-თან განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 129 პირიდან, სულ მცირე, 33 მათგანი გარდაცვლილია.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, CIA-ის დირექტორმა ბილ ბერნსმა ჰამასს შესთავაზა, რომ სამ-ეტაპიანი შეთანხმების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ჰამასმა, ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, 40 მძევალი გაათავისუფლოს.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ისრაელსა და ჰამასს შორის სავარაუდო დროებითი შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სადაც შუამავლების როლის შემსრულებლებს შორის ეგვიპტე და კატარიც არიან.

პარალელურად, ისრაელი რაფაში სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის ემზადება. ისრაელის პრემიერმინისტრმა 31 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი ღაზის სექტორის ქალაქ რაფადან მილიონზე მეტი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანას, მათთვის საჭირო დახმარების მიწოდებასა და შემდგომ რაფაზე იერიშის მიტანას გეგმავს. ნეთანიაჰუს თქმით, რაფაზე იერიშის მიზანი ქალაქში დარჩენილი ჰამასის დანაყოფების განადგურებაა.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის მიმართ არასწორია. ხოლო ბოლო პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაციაში ხშირად მოუწოდებენ ისრაელს, რაფაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე უარი თქვას.

კომენტარები