ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს მოსამართლე დღეს არ გამოაცხადებს

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს არ გამოცხადდება. საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს. მისივე თქმით, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში ბრალდებულსაც დაიბარებენ და გრიგორიადისის გადასაწყვეტი იქნება, მივა თუ არა სასამართლო დარბაზში.

დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა. საბოლოო სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმაც. გრიგორიადისი პროცესში დისტანციურად ჩაერთო.

თავდაპირველად, საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა, თუმცა მოსამართლემ ის კიდევ ერთხელ გადადო მიზეზით, რომ ბრალდებული მას ფიზიკურად არ ესწრებოდა და პროცესში დისტანციურად მონაწილეობა სურდა.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 

კომენტარები