კრიმინალი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ დირექტორსა და თანამშრომლებს 6-6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, 2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, კლინიკაში 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულები გააფორმეს. ბრალდებულებმა საუნივერსიტეტო კლინიკას ყალბი ინსპექტირების, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფოს კუთვნილ 143 846 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ და სცადეს დარჩენილი 436 921 ლარის დაუფლება.

"ასევე დადგინდა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკასა და შპს ნიუმშენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ 78 032 ლარს დაეუფლნენ და დარჩენილი 90 568 ლარის დაუფლება სცადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტებზე. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ფინანსური დირექტორი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე." - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

კომენტარები