ინფლაცია საქართველოში

ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი და ხორცი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0.3%-ია – საქსტატი

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.04%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.5%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 5.5%-ით გაიზარდა. განათლება - 3.5%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.7%-ით, ტრანსპორტი 4.8%-ით, ჯანდაცვა კი - 2.5%-ით.

საქსტატის ცნობით, სურსათის შემდეგ, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა.  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი - 3 %-ით გაიაფდა, დასვენება-გართობა-კულტურა 2.4%-ით, კავშირგაბმულობა 1.9%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი კი - 1.9 %-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.6%-ით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.6%), პირად ჰიგიენასა (2.7%) და პირად ნივთებზე (4.5%).

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-18.7%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14.2%), პურსა და პურპროდუქტებზე (-9.8%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-5%-ით).

ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (21%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (4.5%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (4.1%), თევზეულზე (1.6%), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (2%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (1.8%).

კომენტარები