შვეიცარია

შვეიცარიის რეფერენდუმში ამომრჩეველთა 58%-მა პენსიის გაზრდას დაუჭირა მხარი

პენსიის გაზრდის მომხრე შვეიცარიელები
AFP

დღეს, 3 მარტს, შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა პენსიის გაზრდას დაუჭირეს მხარი, რაც პენსიონერებისთვის ყოველწლიურად დამატებით მე-13 თვის გადასახადის მიცემას გულისხმობს.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ინიციატივის მომხრე ამომრჩეველთა 58% იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 42%. ამას გარდა, შვეიცარიელებმა უარყვეს ცალკე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 65-დან 66-მდე გაზრდას გულისხმობდა.

პენსიის გაზრდის მომხრეთა თქმით, ყოველთვიური სახელმწიფო პენსია, რომელიც €2 550-ს შეადგენს, არასაკმარისია. შვეიცარია საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ნოემბრის თვის Economist Intelligence Unit-ის რეიტინგით, ციურიხი, სინგაპურთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი იყო.

პენსიის გაზრდის წინადადება პროფკავშირებმა წამოაყენეს, ხოლო მისი მოწინააღმდეგე შვეიცარიის მთავრობა, პარლამენტი და ბიზნეს ლიდერები იყვნენ, რომელთა თქმითაც, ახალი კანონპროექტის დაფინანსების საშუალება სახელმწიფოს არ აქვს.

როგორც წესი, შვეიცარიელი ამომრჩევლები ფინანსურ საკითხებში მთავრობის რჩევას ითვალისწინებს ხოლმე, მაგალითად, როდესაც რამდენიმე წლის წინ რეფერენდუმში დამატებითი დასვენების კვირის მიღებას არ დაუჭირეს მხარი, თუმცა, ამჯერად ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის სისტემით, მათ პენსიის გაზრდა გადაწყვიტეს. ამასთანავე, ინიციატივამ მისაღებად საჭირო ორმაგი უმრავლესობა აიღო: მას მოსახლეობის უმეტესობამ დაუჭირა მხარი და შვეიცარიის 26 კანტონს შორისაც მოიპოვა უმრავლესობა.

მთავრობის თქმით, მიღებული ინიციატივის დაფარვა წელიწადში ოთხ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი (დაახლოებით $4.5 მილიარდი) დაჯდება, რისთვისაც გადასახადების გაზრდა იქნება საჭირო. ამასთანავე, მთავრობაში აცხადებდნენ, რომ "თუკი ინიციატივას მიიღებენ, უამრავი პენსიონერი მე-13 სოციალური დახმარების გადასახადს მიიღებს, მიუხედავად იმისა, სინამდვილეში სჭირდებათ თუ არა მათ ეს".

გაზრდილი პენსია შვეიცარიაში 2026 წლიდან ამოქმედდება.

კომენტარები