აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იმედოვნებს, ორშაბათამდე ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ. მან ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში მიაღწიეს.
"როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მატყობინებს, ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. იმედი მაქვს, რომ ორშაბათამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება" - თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის ინტერვიუმდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი ჩანს. დიდი ალბათობით, შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის მოიაზრებს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტას. მილერის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში კონფლიქტის მხარეებთან ერთად აშშ, ეგვიპტე და კატარიც არიან ჩართულები.