კრიმინალი

სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა – დააკავეს ნიგერიის მოქალაქე

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, თბილისში მცხოვრები 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულ გოგოს სქესობრივი კავშირის დროს უნებართვოდ გადაღებული ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა და შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მას მობილური ტელეფონით, ვიდეოებს უღებდა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.

გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილ იქნა დანაშაულში მხილებული ნიგერიის მოქალაქის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, რის შემდეგაც დაკავებულ იქნა ბრალდებული" - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიგერიის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები