კრიმინალი

ნაცნობს ჯერ სცემეს, მერე ესროლეს – ჯგუფური მკვლელობისთვის ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. - ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები