ევროპული საქართველო

არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე არ საუბრობს - ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი სურვილი არ აქვს პარტიების გაერთიანების და მეტიც, ამას "ძალიან ცუდ" იდეად მიიჩნევს.

"საერთოდ სხვანაირად იფუთება თემა, დიდი გაუგებრობა ტრიალებს, იმიტომ რომ შევედით პრეზიდენტთან და პრეზიდენტს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ პარტიები გააერთიანოს და არც მიიჩნევს ამას შესაძლებლად და მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან ცუდი იდეა, უბრალოდ არ ვიცი ამის კომუნიკაცია სწორად ვერ ხდება, ან ინტენსიურად ვერ ხდება, ან კიდევ, როგორც ჩანს, ოპოზიციურ მედიას ისე უნდა სასურველი რეალობად გაასაღოს და ერთიანობას ხედავს პანაცეად, განსხვავებით პრეზიდენტისგან, პრეზიდენტი ასე ნამდვილად არ ფიქრობს და შეგიძლიათ სადმე რომ ნახავთ გადაამოწმოთ ჟურნალისტებმა. მას უბრალოდ უნდა ხედვის შეჯერება იმაზე, რომ - 1. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9 პუნქტი შესრულდეს, მაგალითად სასამართლო რეფორმა რომელი პარტიისთვის რას ნიშნავს, უნდა რომ ჩვენი ხედვა ნახოს, თანხმობის წერტილები ამ შინაარსობრივ ხედვებში იპოვოს და მერე შეიქმნას დოკუმენტი, შეჯერებული ხედვის, რომ აი, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, ეს არის შეჯერებული ხედვა, როგორ უნდა დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ანუ, არანაირ პარტიულ ერთიანობაზე, არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე, პარტიულ პლატფორმაზე, ერთიან ფრონტზე და ასე შემდეგ, საუბარი არ არის". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

მისივე თქმით, მან ჰკითხა ზურაბიშვილს, თუ შეეძლო საჯაროდ ეთქვა, რომ სინამდვილეში მას ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ სურს და EU-ს 9 პუნქტთან დაკავშირებით პარტიების შეჯერებული ხედვის გაგება უნდა, რაზეც ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა უპასუხა - "თუ დამეხმარებით მაგაში, დიდ მადლობას გეტყვითო".

"ვეხმარები ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან ჩვენი და მისი პოზიციები ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით სინამდვილეში თურმე ერთმანეთს ემთხვევა და გეუბნებით, რომ არანაირი ერთიან პლატფორმაზე, არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ არის, პირიქით ჩემდა გასაკვირად პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანობა არის მახე და ხედვა გვთხოვა ჩვენი. ნაფიც მსაჯულებზე ვესაუბრეთ, ბუნებრივია, ლაზარეს თემა დავძარით. ვუთხარი, რომ მას გავუგზავნი აუცილებლად ჩვენ რაც გადავიღეთ - ლაზარეს მოდელირებული პროცესი, ოღონდ ნაფიცი მსაჯულებით. ანუ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ ლაზარეს სამართლიანი მსაჯულების პროცესი ჰქონოდა. ჩემთვის მთავარი თემა ცხადია, ლაზარე იყო და მომეცა ამაზე საუბრის შესაძლებლობაც, მითუმეტეს მართლმსაჯულების თემით ინტერესდებოდა და ის, რომ ნაფიც მსაჯულებში ვხედავთ ჩვენ გამოსავალს, ეს ვუთხარით.

სხვათაშორის, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ჰქონდათ ნათქვამი, რომ თურმე ნაფიც მსაჯულებში ვთანხმდებით, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თავისუფლების ინსტიტუტის ეგიდით შედგა ის შეხვედრა, სადაც მსაჯულებზე გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ და კარგია, რომ ეს დაიმახსოვრეს და იმეორებენ პრეზიდენტთან, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც შეთანხმება არსებობს". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.


6 თებერვალს პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები