გელათის რეაბილიტაცია

წულუკიანი გელათზე: რაც არ ვიცი, არ ვიცი - მე არ ვაკეთებ და პასუხს ვერც ვაგებ

Screenshot

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე გელათის ტაძრის რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, 2022 წლის ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სამინისტროს გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტის მითითება მიეცა, მას ტაძარში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, მასზე პასუხისმგებელი არ არის. 

"ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ [...] მე მაქვს რწმენა, რომ ყველაფერი იქ არის კარგად და იქნება საუკეთესოდ. რაზეც მე და ჩემი გუნდი სამინისტროში ვაგებთ პასუხს ეს გახლავთ პერიოდი 2021 წლის მაისიდან 2022 წლის სამ ოქტომბრამდე, ეს გახლავთ ის დღე, როდესაც მივიღეთ ოფიციალური წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ 2022 წლის და 2023 წლის ზამთრები როგორ გაიარა ძეგლმა, არ ვიცით - არ ვიცით ნიშნავს არ ვიცით - ეს არც კარგს ნიშნავს და არც ცუდს ნიშნავს. როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს, თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როდესაც არ ვიცი, არ ვიცი". - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მისსა და იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებით გელათის ამჟამინდელ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმართვასთან დაკავშირებული ყველა "ცილისწამების" შემცველი საჯარო განცხადება სასამართლოში განიხილება.

"მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად, აღარ ვაპირებ. როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ყველაფერი, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში და აკეთებენ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე და პასუხს ვაგებ არა მხოლოდ დღეს, არამედ 10, 20 და 50 წლის შემდეგაც, მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართული, ვერავის მივცემ უფლებას, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა". - ამბობს კულტურის მინისტრი.

კულტურის მინისტრისვე მტკიცებით, უწყება სარეაბილიტაციო სამუშაოებს წარმატებით უძღვებოდა და სამინისტროს აქვს ამის ფოტო-ვიდეო მტკიცებულებაც.

"ჩვენ გვაქვს მასალები, თუ რა მდგომარეობაში იყო ძეგლი გადაბარების პროცესში, გვაქვს დათარიღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ასევე სკანირების შედეგები და რა თქმა უნდა, წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას რა ვითარებაც იქნება ძეგლზე და მერე უკვე "ორი ყურის ასწია"-ს პრინციპით ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა". - ამბობს წულუკიანი სხდომაზე.


გასული 2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება". საპატრიარქო მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა და ხაზს უსვამდა მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.

ამის შემდეგ, 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა და სათავეში ჩაუდგებოდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.

კომენტარები