გელათის რეაბილიტაცია

საპატრიარქო: შევქმნით გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, განახლდება გენერალური გეგმა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად (2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე მისიის ანგარიში) "უპირობოდ აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად".

საპატრიარქო ირწმუნება, რომ გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა, შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე.

"გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას,- ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.

საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება". საპატრიარქო მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა და ხაზს უსვამდა მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.

ამის შემდეგ, 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა და სათავეში ჩაუდგებოდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.

კომენტარები