აშშ-ისრაელი

POLITICO-ს ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს "ცუდი დედამოტ*ნული ტიპი" უწოდა, თეთრ სახლში უარყოფენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯო ბაიდენი ბენ გურიონის აეროპორტში, 2023 წლის 18 ოქტომბერი.
Evan Vucci/AP Photo

გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირად საუბრებში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს "ცუდი დედამოტ*ნული ტიპი" უწოდა. თეთრ სახლში ამ ცნობას უარყოფენ.

გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ შეატყობინეს პირებმა, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტს ესაუბრნენ. 

ბაიდენის სპიკერმა, ენდრიუ ბეითსმა ცნობა უარყო და თქვა, რომ "პრეზიდენტს ეს არ უთქვამს და არც იტყოდა". მისი თქმით, ორ ლიდერს აქვთ "ათწლეულების ურთიერთობა, რომელსაც პატივს სცემენ საჯაროდაც და პირადადაც".

როგორც გამოცემა წერს, ბაიდენს ნეთანიაჰუში ეჭვი ეპარება და ეშინია, რომ ის აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ფართო ომში ჩაითრევს.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩქარი ტემპით გამოყო ისრაელის დასახმარებელი რესურსები, ასობით მილიონი დოლარის საბრძოლო მასალა ისე, რომ კონგრესის მიერ საკითხის განხილვა საჭირო არ გამხდარა.

როგორც POLITICO წერს, დემოკრატიულ პარტიაში ფიქრობენ, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამო, შესაძლოა, ამომრჩევლის ნაწილის მხარდაჭერა დაკარგონ. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენის მხარდამჭერების 50% ისრაელის ომს ღაზაში "გენოციდს" უწოდებს.

ამას გარდა, თეთრი სახლის წარმომადგენლები და ნეთანიაჰუ ერთმანეთს გასულ კვირებში დაუპირისპირდნენ პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების საკითხთან დაკავშირებითაც.

ამას გარდა, გასულ დღეებში POLITICO-მ გაავრცელა ცნობა, რომ ახლო წრეში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "ავადმყოფი დედამოტ*ნული" უწოდა. თეთრმა სახლმა ამ ცნობაზე კომენტარი არ გააკეთა.

 

კომენტარები