ინფლაცია საქართველოში

საქსტატი: ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი და ხორცი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 2.4%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 3.5%-ით გაიზარდა. განათლება - 3.5%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 5.9%-ით, ტრანსპორტი 4.3%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი - 0.5%-ით.

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.3%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-4.3%) შემცირდა.  დასვენება-გართობა-კულტურა 2.4%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.2%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი კი - 1.8 %-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2%-ით, რაც
0.49 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.6%), პირად ჰიგიენასა (4.1%) და პირად ნივთებზე (4.4%).

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-15.9%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-11.3%), პურსა და პურპროდუქტებზე (-9%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-4.1%-ით).

ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (12.2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.1%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.9%), თევზეულზე (1.9%), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (2.7%), ყავა,
ჩაი და კაკაო (1.3%).

კომენტარები