საფრანგეთი-ინდოეთი

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვითი აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

JULIEN DE ROSA/Pool via REUTERS/File Photo

საფრანგეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ, ერთობლივად აწარმოონ თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის, ვერტმფრენები და წყალქვეშა ნავები ინდოეთის შეიარაღებული ძალებისა და მეგობარი ქვეყნებისთვის.

როგორც სააგენტო Reuters-ი ინდოეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, შეთანხმებას საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის შეხვედრისას მიაღწიეს. 

ამავე ინფორმაციით, მხარეები თავდაცვითი აღჭურვილობის, ბირთვული ენერგიის, კოსმოსური კვლევების, ხელოვნური ინტელექტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, მაკრონმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთი შექმნის პირობებს უმაღლესი განათლების მისაღებად წელიწადში 30 000-მდე ინდოელი სტუდენტის მოსაზიდად.

პარალელურად, როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვინეი კვატრამ თქვა, ინდოეთის კორპორაცია Tata Group-მა და ფრანგულმა Airbus-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო შვეულმფრენების ერთობლივი წარმოების შესახებ.

გარდა ამისა, რეაქტიული ძრავების ფრანგულმა მწარმოებელმა CFM International-მა ასევე ინდოეთის Akasa Air-თან 300-ზე მეტი LEAP-1B ძრავის შესაძენად შეთანხმება გააფორმა. 

ქვეყნების ლიდერების შეხვედრისას ისინი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. აქამდე, 2020 და 2022 წლებში საფრანგეთის კუნძულის ლა-რეუნიონის ტერიტორიიდან ქვეყნებმა ერთობლივი სადაზვერვო მისიების ჩაატარეს. 

კომენტარები