სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ ჩიპების მწარმოებელი ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდიანი გეგმა წარადგინა

Samsung-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში
Samsung

სამხრეთ კორეამ წარადგინა გეგმა, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კორეული ნახევარგამტარების კომპანია SK Hynix და ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Samsung Electronics სამხრეთ კორეაში მსოფლიოში უდიდესი ჩიპების მწარმოებელი ქარხნების ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდს დახარჯავენ.

მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმით, 2047 წლამდე კერძო სექტორიდან ჩიპების წარმოებაში 622 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონის ($471 მილიარდი) ინვესტიცია ჩაიდება. ამ თანხით უკვე არსებულ 21 მიკროჩიპის ქარხანას 13 ახალი საწარმო და სამი კვლევითი დაწესებულება დაემატება. აღნიშნული საწარმოთა ქსელი ფართობით მსოფლიოში ყველაზე დიდი მიკროჩიპების საწარმო ზონა იქნება და, წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის ყოველთვიურად 7.7 მილიონი ნახევარგამტარული ფირფიტის დამზადებას შეძლებს.

სამხრეთ კორეის ეკონომიკაში ჩიპების წარმოების შიდა სექტორი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 16%-ს შეადგენს. მზარდი კონკურენციის პირობებში კი კორეის მთავრობამ პირობა დადო, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან სექტორს დაიცავს. პარალელურად, იაპონია და ტაივანი საკუთარ ჩიპების წარმოების სექტორში უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებენ, რისთვისაც კორეის მთავრობამ გადაწყვიტა, ადგილობრივ ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს საგადასახადო შეღავათები გაუფართოოს.

წარდგენილი გეგმის მიხედვით, სამხრეთ კორეის მთავრობა ნახევარგამტარების სექტორში ქვეყნის ეკონომიკური თვითმყოფადობის გაუმჯობესებას, ხოლო ჩიპების წარმოების მსოფლიო ბაზარზე 2030 წლისთვის სამხრეთ კორეის წილის 3%-დან 10%-მდე გაზრდას ისახავს მიზნად.

კომენტარები