მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

აშშ: იემენში იერიში ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი იერიში იემენში, ჰუსიტების წინააღმდეგ, 2024 წლის 12 იანვარი.
CNN / კადრი ვიდეოდან

აშშ-სა და მოკავშირეების ძალებმა იემენში, 16 ლოკაციაზე ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა ისაუბრა.

მისივე თქმით, იერიშები მიიტანეს სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე. ამისთვის კი ზუსტი დამიზნების 100-ზე მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

"ერთგულნი ვრჩებით ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის ჰუსიტი ბოევიკებისგან და საფრთხისგან, რომელსაც ისინი რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან". - ნათქვამია გრინკევიჩის განცხადებაში.

გარდა ამისა, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება.

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი იერიშის შემდეგ ჰუსიტებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებდნენ თავდასხმებს წითელ ზღვაში გემებზე, რომლებიც მიემართებიან ისრაელისკენ ან დაკავშირებული არიან მასთან.

დაჯგუფების სპიკერის, მუჰამედ აბდულსალამის განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ ვადასტურებთ, რომ იემენის წინააღმდეგ ამ აგრესიას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან წითელ და არაბეთის ზღვებში საერთაშორისო ნავიგაციის საფრთხე არ არსებობს".

"მიზანში ამოღებული იყო და იქნება ისრაელის გემები ან ისინი, რომლებიც მიემართებიან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ". - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აბდულსალას თქმით, აშშ და დიდი ბრიტანეთი "არასწორად" ფიქრობენ, რომ დარტყმები "იემენს ხელს შეუშლი პალესტინისა და ღაზას მხარდაჭერაში".

მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

კომენტარები