ონეტარული პოლიტიკა

სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს 0.5%-ით, 9.5%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ს შეადგენს.

ეროვნული ბანკი ცვლილების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების მიზეზად ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირებას ასახელებს. 

"საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება" - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9%-ია. 

"დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს" - წერია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

25 ოქტომბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10% იყო. 

მაისის შემდეგ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 1%-ით შეამცირა. იქამდე, ერთი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო.

კომენტარები