საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა: დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 3 პირი დავაკავეთ

საქართველოს პროკურატურა / Facebook

საქართველოს პროკურატურამ  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დასახმარებლად, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული  2 000 000 ლარიდან  900 000 ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.

ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, აღნიშნულის მოსაგვარებლად, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 000 ლარი ჩაარიცხინეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები