თბილისის მერია

თავისუფლების ინსტიტუტი: სატრანსპორტო კომპანიამ ₾1 489 710 გადაუხადა რუსული პროდუქციის შემომტანს

თავისუფლების ინსტიტუტის მიხედვით, თბილისის მერიის მფლობელობაში არსებულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ორ ტენდერში 1 489 710 ლარი გადაუხადა საქართველოში რუსული პროდუქციის შემომტანს. 

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2023 წლის მაისში გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და რკინიგზის საშენი მასალების შესაძენად. ტენდერის დასრულებამდე ორი დღით ადრე კი მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ბეთანმა მიიღო. შედეგად, კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა და სამუშაოების ჩასატარებლად 945 610 ლარი მიიღო. 

ამავე კომპანიამ 2022 წლის 13 ოქტომბერს კიდევ ერთი, 544 100 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო სალიანდაგო ზედნაშენის გასაკეთებლად. 

ორგანიზაციის თქმით, ირკვევა, რომ  შპს ბეთანი 2003 წლიდან არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ლერი მოსაშვილია. თავისუფლების ინსტიტუტმა გამოიკვლია ორივე ტენდერი და დაადგინა, რომ აღნიშულ კომპანიას რუსული და ბელორუსული ნაწარმი შემოაქვს საქართველოში და ოკუპანტი ქვეყნის ცამეტ კომპანიასთან თანამშრომლობს.

თავისუფლების ინსტიტუტი ასევე ასახელებს რუსულ კომპანიებს, რომლებთანაც თანაშრომლობს შპს ბეთანი.

"საქართველოს საბიუჯტო სახსრები მიემართება ოკუპანტი სახელმწიფოს კომპანიებში. ამ შემთხვევაში შპს ბეთანის გავლით, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაკვეთით, ჯამში 1 489 710 ლარი გადავუხადეთ კრემლის ეკონომიკურ ვერტიკალს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თავიდანვე შეეძლო სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად განესაზღვრა, რომ დაებლოკა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია და პირდაპირ გაეწერა შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები წარმომავლობის ჩათვლით" – ვკითხულობთ თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

კომენტარები