რუსეთი-სომხეთი

"ყარაბაღზე უარი ჩვენ ხომ არ გვითქვამს" – პუტინმა სომხეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა

ვლადიმირ პუტინი, 2023 წლის 14 დეკემბერი
Rbc

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც მას ჟურნალისტები და მოქალაქეები პირდაპირ ეთერში უსვამენ კითხვებს, რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დსთ-სა და ОДКБ-ს დატოვება ერევანის ინტერესებს არ შეესაბამება.

"არ მგონია, რომ სომხეთის ინტერესებშია რამენაირად შეწყვიტოს საკუთარი წევრობა დსთ-ში, ევრაზიის ეკონომიკურ საზოგადოებაში ან ОДКБ-ში. საბოლოო ჯამში, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, სომხეთში "მიმდინარეობს რთული პროცესი ყარაბაღთან დაკავშირებით".

"ყარაბაღზე უარი ჩვენ ხომ არ გვითქვამს. ეს სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. რეალურად ასე საკუთარი ინიციატივით მოიქცნენ და ჩვენ დიდად არ გაგვაფრთხილეს". – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ღონისძიებებზე არყოფნა არაა დაკავშირებული "ამ ინტეგრაციულ გაერთიანებაში მუშაობის გაგრძელების სურვილთან ან სურვილის არარსებობასთან", არამედ გამოწვეულია სომხეთის შიგნით მიმდინარე პროცესებით.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში ჯერჯერობით ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებენ.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები