რამზან კადიროვი

კადიროვი: ორი ცოლი ნიშნავს, რომ ნამდვილი კაცი ხარ, სამი ცოლი – კარგია, ოთხი კი – ბედნიერება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი და მისი ცოლი, მედნი კადიროვა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ორი ცოლი იმის ნიშანია, რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ, სამი ცოლი – კარგია, ოთხი კი – ბედნიერება. ამის შესახებ კადიროვმა რეგიონის მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ორი ცოლი იმის ნიშანია, რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ, სამი ცოლი – კარგია, ოთხი კი – ბედნიერება. ჩვენმა წინასწარმეტყველმა ასე თქვა". - თქვა კადიროვმა.

კადიროვის თქმით, მას ძალიან უყვარს "ასეთი ცხოვრება და ლამაზი ქალები", თუმცა, ამავდროულად, ის რჩება "ღრმად მორწმუნე" ადამიანად.

აღსანიშნავია, რომ მრავალცოლიანობა რუსეთში ოფიციალურად დაშვებული არ არის, მაგრამ არც ამის ამკრძალავი კანონი არსებობს. შესაბამისად, რუსეთში ასეთი "ქორწინებები" ხდება, თუმცა, სახელმწიფო მათ არ არეგისტრირებს და მხოლოდ მუსლიმური ორგანოები აღიარებენ.

რამზან კადიროვი სხვადასხვა წლებში მრავალცოლიანობის ლეგალიზაციის მოთხოვნით არაერთხელ გამოვიდა. მაგალითად, 2006 წელს კადიროვმა თქვა, რომ "კაცს შეუძლია ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ ამისთვის შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა აქვს". ამასთან, მისი განმარტებით, კანონის შეცვლა და მრავალცოლიანობის დაკანონება აუცილებელი არაა და შესაძლებელია, რომ ეს ყველა ადამიანისთვის პირად საკითხად დარჩეს.

1999 წელს მრავალცოლიანობა ინგუშეთში დაუშვეს, თუმცა, ძალიან მალე ადგილობრივი მთავრობის მიღებული დადგენილება ფედერალურმა ხელისუფლებამ და რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა.

კომენტარები