ბიძინა ივანიშვილი

POLITICO-ს ყოველწლიური რეიტინგის "ამრევების" სიაში ივანიშვილი მე-8 ადგილს იკავებს

გამოცემა POLITICO ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის თითქმის სრულ სიას აქვეყნებს. კონტინენტის ყველაზე გავლენიანი პიროვნების დასახელების გარდა, სია მოიცავს სამ სხვადასხვა კატეგორიას - აღმასრულებლები (doers - აღმასრულებელი ძალაუფლების მქონენი), ამრევები (disrupters - ადამიანები, რომლებიც ვითარებას უარესობისკენ მოულოდნელად ცვლიან) და მეოცნებეები (dreamers - ისინი, ვინც დებატების უკან მდგომი იდეის ავტორები არიან). ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ადამიანები, POLITICO-ს თანახმად, წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. 

კატეგორიაში ამრევები მე-8 ადგილს ბიძინა ივანიშვილი იკავებს. POLITICO ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოებაა. 

"თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა, რათა თავი შავი ზღვის ნაპირთან მდებარე დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებისთვის მიეძღვნა.

მაგრამ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) საყოველთაოდ ცნობილია, რომ მის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიას, "ქართული ოცნებას" კულისებიდან მართავს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში ჩაგდებაა". - აღნიშნავს გამოცემა. 

გარდა ამისა, როგორც POLITICO წერს, სიღარიბეში დაბადებულმა ივანიშვილმა, რომელიც საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, 1990-იან წლებში "საბანკო საქმეებში, ლითონებში, უძრავ ქონებაში, ფარმაცევტულ წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში ასტრონომიული სიდიდის ქონება დააგროვა".

"ის მცირე ხნით ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2013 წელს პოსტის დატოვებამდე იკავებდა. მიუხედავად ამისა, კონტროლის სადავეები მის ხელში იყო, არჩევნებში ყოველგვარი კენჭისყრის საჭიროების გარეშე, ივანიშვილი არც ანგარიშვალდებული იყო და მას არც არავინ აკონტროლებდა რაიმე დემოკრატიული მექანიზმით". - აღნიშნავს გამოცემა. 

ამასთან, POLITICO წერს, რომ სავარაუდოა, 67 წლის ივანიშვილმა, რომელიც შესაბამისობაშია რუსეთის ინტერესებთან, სხვა ოლიგარქებთან ერთად სწორედ ამ ქვეყანაში დააგროვა თავისი ქონება.

"გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მოხსნა აკრძალვა რუსი დამსვენებლების პირდაპირი ფრენებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში და საკუთარი პრეზიდენტის უიღბლო იმპიჩმენტიც კი წამოიწყო ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მისი მეგობრულო მოგზაურობების გამო". - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, POLITICO-ს თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილი, დიდწილად, პასუხისმგებელია საქართველოს მიერ პრომოსკოვური გეზის აღებაზე. 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთში სანქციების დამრღვევ, პარალელური ექსპორტის საკვანძო კერად". - აღნიშნავს POLITICO.

ამავდროულად, როგორც გამოცემა წერს, ანალიტიკოსების აზრით, თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის თვალსაზრისით - იმ დროს, როდესაც ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხი განიხილება.

ამის პარალელურად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველების დიდი ნაწილი ქვეყნის EU-ში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო გასულ წელს ბრიუსელის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის ფონზე, საქართველოს აქვს მკაფიო გზა, რომელსაც უნდა მიჰყვეს, რათა მისთვის EU-ში შესვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყოს. 

"საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი" . - წერს POLITICO.

გარდა ამისა, კატეგორიაში დამრღვევები მე-3 ადგილს იკავებს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი. 

შესაბამისი კატეგორიის სრული სია, მათ შორის, პირველ ადგილზე გასული პიროვნება დღეს ონლაინ ღონისძიებაზე - POLITICO 28: Class of 2024 - გახდება ცნობილი.

კომენტარები