სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ტყუილები და წინააღმდეგობები

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ტყუილები და წინააღმდეგობები

ანა გვარიშვილი არის ტაბულას კონტრიბუტორი და საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნებული საგამოძიებო მედია ლაბორატორიის ხელმძღვანელი

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო ინტერვიუმ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან გამოუსწორებელ ოპტიმისტებს, მათი აზრით, კიდევ ერთი, ძლიერი არგუმენტი შესძინა  ევროპულ მედიაში ზურაბიშვილმა არაფორმალური მმართველი ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

უცნაურია, რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილში სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებამ, რომელიც თვისობრივად არ განსხვავდება იმისგან, რაც გასულ თვეებშიც რამდენჯერმე თქვა  – ივანიშვილი ოლიგარქია, თუმცა, მისი ძალაუფლების მასშტაბები პრეზიდენტისთვის უცნობია.  

ტაბულაზე გამოქვეყნებულ სტატიაში "ივანიშვილის წითელ ხაზამდე ამბოხებული პრეზიდენტი", მიმოხილულია ის წინააღმდეგობები და კითხვის ნიშნები, რომელიც სალომე ზურაბიშვილის უცაბედი მეტამორფოზის დაკვირვებისას ბუნებრივად იბადება. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან დღემდე, არც ისე დიდი დროის მონაკვეთში, ზურაბიშვილმა თავისი ამბოხების გულწრფელობის ირგვლივ კიდევ რამდენიმე კითხვის ნიშანი გააჩინა, იქნება ეს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დაგვიანება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად რეჟიმისთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა, რითიც სებ-ს ინსტიტუციური კრიზისი აარიდა თავიდან, თუ რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლი განტევების ვაცის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გაჭიანურება, ეს სტატია უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება იმ წინააღმდეგობების ჩვენებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საკუთარსავე სიტყვებთან აქვს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინტერვიუ Le Monde-ზე 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. ინტერვიუ მეტწილად ფოკუსირებული იყო კომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემასა და კანდიდატის სტატუსის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის 9 დათქმაზე, თუმცა, ასევე მოიცავდა ზურაბიშვილის პერსონალური დამოკიდებულებების ანალიზსაც.

პირველი, რაც ამ ინტერვიუთი ცხადი ხდება, ისაა, რომ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების პარალელურად სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

"როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს: - ეუბნება ზურაბიშვილი ჟურნალისტს, რომელიც მას ეკითხება, რა ტიპის კომუნიკაცია აქვს ბიძინა ივანიშვილთან. 

საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არაფორმალურ მმართველთან საზოგადოებამ, რომლის წინაშეც სალომე ზურაბიშვილი ანგარიშვალდებული უნდა იყოს, TV პირველის საგამოძიებო მასალებიდან შეიტყო და Le Monde-თან ინტერვიუმდე ზურაბიშვილს ეს ცნობა არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და პალიტრანიუსის ჟურნალისტებთან თქვა, რომ ორ წელზე მეტია, მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და, შესაბამისად, არც არაფორმალური მმართველობა უგრძვნია. პრეზიდენტი ვერ გრძნობდა არაფორმალურ მმართველობას ვერც სხვების მიმართ. მეტიც, როდესაც 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას მოიცავდა, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, ქართული ოცნება კი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ივანიშვილს ეს რეზოლუცია თავიდან ვერ აარიდა.

"გაფუჭებული საქმე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ყველაზე კარგად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე" – ამბობდა ზურაბიშვილი და ფაქტობრივ უზუსტობებსა და ბრალდებებს უწოდებდა რეზოლუციის ავტორთა არგუმენტაციას, სადაც ივანიშვილი ოლიგარქად იყო მოხსენიებული. მოგვიანებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო შენიშვნაც კი მისცა, როდესაც ამ უკანასკნელმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ეგიდით წერილი მიწერა, რომ ეს საკითხი "ჩუმად, წყნარად, მოლაპარაკებების დონეზე უნდა მოეგვარებინა" და თემის ტირაჟირება არ უნდა მომხდარიყო.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2023 წლის მარტში TV პირველის წამყვანის, დიანა ტრაპაიძის კითხვას, არის, თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - "კი" და განმარტავს, რომ ოლიგარქია იმ გაგებით, რომ მას "აქვს ფული, მედიასა და პოლიტიკაზე გავლენა“. თუმცა, იქვე ამატებს, რომ „ოლიგარქიის პრობლემა არის უფრო მეტი, ვიდრე ივანიშვილი", რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.

ამ ნაწილთან დაკავშირებით პრეზიდენტი თვისობრივად განსხვავებულს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ აზუსტებს, რომ "ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია ქართულ პოლიტიკაში" მაშინ, როდესაც 2022 წლის ივლისში ამტკიცებდა, რომ "დეოლიგარქიზაციის" მოთხოვნა ზოგადი პუნქტია, ისეთივე, როგორიც არის მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში და ბიძინა ივანიშვილზე მინიშნებად არ უნდა ამოვიკითხოთ.

ინტერვიუში ასევე ამატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, მისთვის უცნობია ეკონომიკაზე ამ ოლიგარქის გავლენის მასშტაბი.

ჟურნალისტის კითხვას, არის, თუ არა ივანიშვილი რუსული გავლენების ქვეშ, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა და მის მენტალიტეტზე რუსეთს გავლენა აქვს, შემდეგ კი რუსეთისადმი სამყაროს დუალისტურ დამოკიდებულებაზე იწყებს რეფლექსიას, რომლის მიხედვითაც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ რუსეთი შეიძლება, დამარცხდეს და ივანიშვილი სწორედ მათ რიგებშია.

საინტერესოა, ივანიშვილის პოლიტიკისადმი დამოკიდებულების ის დინამიკა, რომელსაც ზურაბიშვილი ინტერვიუსას წარმოაჩენს. მაგალითად, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც აქვს გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, არსად აღნიშნავს ყველაზე მთავარს, რომ თავად ის, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სწორედ ამ ოლიგარქიის პროდუქტია; ის გაკვრით ახსენებს, რომ ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, არჩევნებს ვერ მოიგებდა, თუმცა, ამას იმით ხსნის, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს შესაბამისი რესურსი არ ექნებოდა და არსად ამბობს, რომ მის ასარჩევად ქართულ ოცნებას დასჭირდა იმგვარი ზომების გამოყენება, რასაც მხოლოდ არალიბერალური და ავტორიტარული პოპულისტური რეჟიმები იყენებენ და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია, როგორც მართვისა და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი, სწორედ ამ არჩევნების შემდეგ იძენს მანამდე არნახულ მასშტაბს.  ზურაბიშვილი აბსოლუტურად უგულებელყოფს ფაქტს, რომ იგი ქართველ ერს არ აურჩევია მისი ქართულ-ევროპული წარმომავლობის გამო. ზურაბიშვილის, როგორც ინტელიგენციის შთამომავლის ისტორია, არის ამბავი, რომელსაც თავად და მისი პოლიტიკაში წარმდგენები წლებია, ყიდიან – ამბავი ქალზე, რომელიც ბოლშევიკური რეპრესიების გამო პარიზში დაიბადა და არ დაკარგა ბმა თავის ქართულ გენეზისთან. მისი ყველა პოზიცია ამ ამბის პერსპექტივიდანაა ნაწარმოები.

მაგალითად, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ ნაწილში ივანიშვილის წვლილი ისაა, რომ ის, როგორც პროევროპელი ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. მაგრამ უარყოფითი გავლენა იქონია, როდესაც ხელი არ შეუშალა და ნება დართო ქართული ოცნების წევრებს, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოეწყოთ. უკეთ რომ განვმარტოთ – სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც გავლენა აქვს არსებულ რეჟიმზე, რომელიც ევროინტეგრაციის შემაფერხებელ ნაბიჯებს დგამს და ამ ნაბიჯებიდან ერთადერთი, რომელსაც აღნიშვნის ღირსად თვლის, მის წინააღმდეგ წარმოებული იმპიჩმენტის პროცედურაა, რომელიც ირაკლი კობახიძისვე აღიარებით, თავიდანვე მანიპულაციური თამაში იყო, რადგან მიზანი მისი იმპიჩმენტის საფუძველზე გადაყენება არ ყოფილა. ზურაბიშვილს ასევე არ აქვს პასუხი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ოლიგარქიზაციის პრობლემა, როცა კანდიდატის სტატუსმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეჟიმი. პრეზიდენტის აზრით, "პასუხი დეოლიგარქიზაციაზე 2024 წლის არჩევნებშია".

გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარსავე განცხადებებთან მუდმივად მოდის წინააღმდეგობაში, ამ ინტერვიუში საკუთარსავე ნათქვამს უარყოფს და ამის გამართლებას ისევ და ისევ წინაპრების მოშველიების გზით ცდილობს. ინტერვიუს ბოლოს, Le Monde-ის ჟურნალისტი პრეზიდენტს უკითხავს თავის ციტატებს 2009 წელს გამოსული წიგნიდან "ქართული ტრაგედია", რომელიც მათ შორის ეხება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს და რისი ამონარიდებიც რუსეთმა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) გამოიყენა თავის სარჩელში. პასუხად, ზურაბიშვილი თავის პოზიციას უარყოფს და ამბობს, რომ ეს არასდროს უთქვამს. 

ჟურნალისტი: თქვენი წიგნი ,,ქართული ტრაგედია” (Grasset) გამოცემული 2009 წელს, თქვენ ხაზს უსვამთ “მოსკოვის და თბილისის ორმაგ პასუხისმგებლობას” 2008 წლის ომის დაწყებაში და წერთ, რომ ,,ვერსია, რომლის თანახმადაც საქართველომ რუსულ აგრესიას მხოლოდ უპასუხა.. ვერ უძლებს ფაქტებს”. თქვენი წიგნიდან ნაწყვეტების ციტირება მოახდინა რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე 2009 წელს საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად. ისევ ამ პოზიციაზე ხართ?

სალომე ზურაბიშვილი: არა, მე ეს არასდროს მითქვამს. მე ქართველი ემიგრანტების შვილი ვარ, რომლებმაც 1921 წელს, საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, დატოვეს საქართველო. სწორედ, რუსეთია ის, ვინც ყოველთვის თავს ესხმოდა, ანექსირებას ახდენდა და კვეთდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს.

"ერთი შეხედვით ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემცველი თავდასხმებისაგან ტერიტორიის დაცვისაკენ მიმართული [საქართველოს ხელისუფლების] თავდაცვის პოლიტიკის უკან შეიარაღებისა და აღჭურვის პოლიტიკა დააყენეს, რომელიც სამხედრო რევანშისა და დაკარგული ტერიტორიების იძულებით რეინტეგრაციას  უფრო პასუხობდა"  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ციტატა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან და ბიოგრაფიიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავისას გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილს არასდროს უთქვამს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა, ან მეტი გაიგო, ან ნანობს. 2018 წელსაც, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, ის ამ ნარატივს იმეორებდა, რომ ომი ასი წლის წინ დაიწყო რუსეთმა, მაგრამ "ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების დაიწყო საქართველომ". როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ უბრალოდ, უარყოს საკუთარი ნათქვამი, ვინაიდან არავინაა მის ირგვლივ, ვინც ამის გამო ან პასუხს მოსთხოვს, ან რამდენიმე კითხვით მეტს დასვამს მისი პოზიციების შესახებ, სანამ მას პრეზიდენტის სასახლეში ეახლება, ან ღიად დაუჭერს მხარს Gen Z-ის სლენგების კიტჩური ინტერპრეტაციით.  

ამავე ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტი ეკითხება, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რაზეც პრეზიდენტი პასუხობს, რომ ასეთი სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა, რომ სექტემბრიდან დეკემბრამდე (ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე), ჩასულიყო მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ევროინტეგრაციასთან. თუმცა, იმავე ინტერვიუში, ცოტა ხნით ადრე აბსოლუტურად სამართლიანად და სწორად შენიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი სწორედ უკრაინამ, როგორც საერთაშორისო ფაქტორმა გახადა შესაძლებელი. პრეზიდენტს ასევე არ აქვს პასუხი, ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილების მერე მაინც თუ ჩავა ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილი ახლა კარგადაა, თითქოს პოლიტიკური პატიმრობის მორალური საზომი, შესაძლოა, იყოს ის, ეს ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს, თუ უძლურად.

ზემოთმოყვანილი წინააღმდეგობრივი გარემოებები და ურთიერთსაპირისპირო, არათანმიმდევრული განცხადებები, მინიმუმ, უფრო მეტ კითხვას უნდა ბადებდეს სალომე ზურაბიშვილის პერსონის და მისი საჯარო პოზიციის მიმართ, თუმცა, ბუნებრივია, რომ მათ, ვინც თავად კონიუნქტურის მიხედვით ცვლიდნენ პრეზიდენტის მიმართ გამოყენებულ ეპითეტებს, პრობლემა არ ჰქონდეთ ზურაბიშვილის ასეთივე ქმედებებზე. 

8 ნოემბერს საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო რეკომენდაცია, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც უკვე დადასტურდა მიღებული შედეგით, ბიძინა ივანიშვილი სულაც არ ეწეოდა კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს, როგორც ეგონა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დიდ ნაწილს. ბიძინა ივანიშვილს სურდა მიეღო ეს სტატუსი საკუთარი პირობებით და ამას მიაღწია კიდეც. ამ მიზნისთვის მის რეჟიმს პროევროპულად შეფუთული ინსტიტუციური აქტორი სჭირდებოდა, რა ფუნქციაც ზურაბიშვილმა იდეალურად შეასრულა. 

პოსტ ფაქტუმ მსჯელობისას, მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად იყო შეთანხმებული ან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან ნაკარნახევი ზურაბიშვილის ეს როლი. სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც ქართულ ოცნებას გამიჯნული კიდევ ერთი ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი გახარია ივანიშვილის კარზე თამაშობენ, ცდილობენ, არაფორმალურ მმართველს საკუთარი უპირატესობა აჩვენონ და საკუთარი პოლიტიკური წონა გაზარდონ – მარიონეტისა და მსახურის როლიდან ძალაუფლებაზე გავლენის მქონე აქტორად იქცნენ. ამ მხრივ ზურაბიშვილის პოზიციონირება ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება თავი წარმოაჩინოს ფართო პროევროპული კოალიციის ლიდერად, რომელიც რეჟიმის გამრუდებულ გზას ევროპისკენ გაასწორებს და ინტეგრაციის გზას დააჩქარებს. 

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ პროექტით ცდილობს გახდეს მიზიდულობის ცენტრი, როგორც მათ შორის, გახარიასთვის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ფიგურებისთვის, დასავლელი აქტორებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, თავად ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც ამ პროექტის წარმატებით პირდება მისი რეჟიმის სტაბილიზაციას. ივანიშვილს, როგორც თოჯინების ოსტატს, საბოლოო არჩევანი აქვს, თუმცა, ზურაბიშვილის ალტერნატიული პროექტის არსებობა მის ძალაუფლებას მხოლოდ აძლიერებს, მათ შორის, ამ პროექტს კარგად იყენებს ქართული ოცნების ლიდერებზე კონტროლისთვისაც. 

სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, მართალია, რომ ის ამ პროექტს ივანიშვილის პირდაპირი დირექტივით, ან თუნდაც ნებართვით, არ აკეთებს, თუმცა, წითელ ხაზებს შორის ის სივრცე, რომელშიც ზურაბიშვილი მოქმედებს, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სტაბილურობის იმპერატივითაა შემოსაზღვრული

კომენტარები