ჩეჩნეთი

კადიროვის შვილი ისევ დააჯილდოვეს, ამჯერად "რუსეთის შრომის ღირსების" ორდენით

ადამ და რამზან კადიროვები
Spektr.press

პატიმრის ცემის შემდეგ რამზან კადიროვის შვილის, ადამის დაჯილდოებები გრძელდება. ამჯერად მან "რუსეთის შრომის ღირსების" ორდენი მიიღო. ამას გარდა გადაეცა 1-ელი ხარისხის მედალი "რუსული სპეცრაზმის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის".

ბოლო ორდენი რელიგია ისლამის სამსახურისთვის ადამ კადიროვმა 2 დღის წინ, 15 ნოემბერს მიიღო. რუსეთის შრომის ღირსების ჯილდო მისი მე-8 ორდენია. აქამდე მან მიიღო ჩეჩნეთის გმირის ორდენი, ასევე ორდენები თათრეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის წინაშე ჩადენილი დამსახურებებისთვის, ჩეჩნური ორდენი "ერის სიამაყე" და რელიგიური ორდენი უმის წინაშე დამსახურებისთვის.

კადიროვის 15 წლის შვილის დაჯილდოებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზარდმა კამერის წინ სცემა ყურანის დაწვაში ბრალდებულს. ვიდეომ რუსეთის საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა პოლიციამ საქმის წარმოებაზე უარი თქვა, გამართლებით, რომ ადამის ასაკის მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასაკის გათვალისწინებით ოფიციალურად მას არც ზოგიერთი ნახსენები ორდენის მიღება შეეძლო.


ნიკიტა ჟურავიელი 2023 წლის მაისში, ვოლგოგრადში დაიჭირეს. მას ბრალად ედება, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისგან 10 000 რუბლი მიიღო და სანაცვლოდ ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის წინ ყურანი დაწვა, რისი ვიდეო გადაიღო კიდეც. საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს სდებდნენ, რომ ჩანაწერი უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა. ვიდეო შემდეგში სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ჟურავიელი დაკავების შემდეგ ჩეჩნეთში მდებარე წინასწარ დაკავების იზოლატორში გაგზავნეს, რაც საგამოძიებო კომიტეტმა ამ რესპუბლიკის მაცხოვრებლების "მრავალი მიმართვის" შემდეგ გადაწყვიტა. სამართალდამცავი ორგანოს მტკიცებით, ჩეჩნები ითხოვდნენ, რომ ისინი დაზარალებულებად ეღიარებინათ.

16 აგვისტოს რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ თქვა, რომ ჟურავიელი ჩიოდა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდებული ამბობდა, რომ მას ფიზიკურად ადამ კადიროვი გაუსწორდა. ის ჩეჩნეთის ომბუდსმენს, მანსურ სოლტაევს შემოწმების ჩატარებას სთხოვდა.

მცირე ხნის შემდეგ, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი ადამ კადიროვის ქმედებებს. მათ მომხდარი პირდაპირ არ დაუდასტურებიათ. თუმცა ეს ფაქტობრივად რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა გააკეთა.

დუდაევის თქმით, ადამ კადიროვი თან ახლდა მამამისს, როდესაც მათ გროზნოში წინასწარი დაკავების იზოლატორი მოინახულეს და აქ სცემა ვოლგოგრადელი, როდესაც მასთან პირისპირ დარჩა. მინისტრს არ განუმარტავს მომხდარის მიზეზი.

"გვესმის, ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში, არსებობს კანონი, კონსტიტუცია. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებობს რელიგიური გრძნობებიც, ტრადიციებიც, წეს-ჩვეულებებიც". - ამბობდა დუდაევი. მისი თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და მეზობელი რეგიონის მცხოვრებლები ადამ კადიროვის ქმედებებს მხარს უჭერდნენ.

კომენტარები