მთიან ყარაბაღის კონფლიქტი

ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

ილჰამ ალიევი სამხედრო ალაფის პარკში
bakupost.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 3 წლის აღსანიშნავად ქალაქ ხანკენდიში (სომხ. სტეფანაკერტი) სამხედრო აღლუმი ჩაატარა. ღონისძიებას ალიევის ცოლი, მეჰრიბან ალიევი და შვილი ჰეიდარ ალიევიც ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საინტორმაციო სააგენტო АЗЕРТАД-მა გაავრცელა. 

სამხედრო ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ომის პერიოდში ნაალაფარი შეიარაღება. ალიევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ომი აღარ სჭირდება.  

"ჩვენ არ გვჭირდება ახალი ომი, მივაღწიეთ იმას, რისკენაც ვისწრაფოდით, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ისტორიული სამართლიანობა და ეროვნული ღირსება. მტერს ვაჩვენეთ მისი ადგილი" – თქვა ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას.

სადღესასწაულო მსვლელობები სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ბაქოშიც გაიმართა. 

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას სომხეთის მოქალაქეები შეადგენდნენ. 1990 წლიდან ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზეც ბაქომ კონტროლი დაკარგა, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რომლის შემდეგაც ტერიტორია, გაეროს შეფასებით, სომხეთის 120 ათასამდე მოქალაქემ დატოვა. ოფიციალურმა ერევანმა მოსახლეობის მიერ ტერიტორიის დატოვება ეთნიკურ წმენდად შეაფასა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდა დარჩენილიყვნენ რეგიონში და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების მზაობა გამოთქვეს.

კომენტარები