პატიმრების გაქცევა

გაქცეული პატიმრების საქმეზე გამოძიება დაიწყო, მუხლი 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ავერსის კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. მუხლი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯგუფურ გაქცევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დავადგენთ, დავადგენთ, გამოძიება მაგისთვის არის, რომ დადგინდეს, რა თქმა უნდა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ყველა მიეცემა პასუხისგებაში" - ამბობს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, ზაზა ზარანდია.

პირველ ნოემბერს თბილისში, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კვლევებისთვის იყვნენ გადაყვანილები.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

"მოვუწოდებ ამ დამნაშავეებს, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება". – თქვა რატი ბრეგაძემ და ასევე მოუწოდა გაქცეულების ნათესავებსა და იმ პირებს, რომლებსაც მათთან შეხება შეიძლება ჰქონდეთ, არ დაეხმარონ პატიმრებს მიმალვაში.

"ამ ადამიანებისთვის ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და, შესაბამისად, ის პირი, თუკი ვინმე ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, იქნება კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი". – თქვა ბრეგაძემ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მინისტრი სხვა დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მანვე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, შესაბამისად დაისჯება. 

"თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმებლობა, უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა". – თქვა ბრეგაძემ.

კომენტარები