გერმანულენოვანი ტაბლოიდი Bild-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიამ კვიპროსზე სპეცრაზმის რამდენიმე დანაყოფი გადასხა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში სპეცოპერაცია ჩაატარონ.
Bild-ის მიხედვით, უსაფრთხოების წრეებიდან წყაროებმა შეატყობინეს, რომ კვიპროსზე გერმანიის სპეციალური დანიშნულების სარდლობის (KSK) მებრძოლები შეიარაღებით ჩავიდნენ. ეს დანაყოფი გერმანიის შეიარაღებული ძალების ელიტური რაზმია, რომელიც მძევლების დახსნაშია გაწვრთნილი.
"მათი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუ კონფლიქტი გაფართოვდება, გერმანელები ლიბანიდან სწრაფი სპეცოპერაციით გამოიყვანონ". – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ძალების კვიპროსზე განლაგება გერმანიას ზღვიდან ინტერვენციის საშუალებას მისცემს.
ამას გარდა, Bild-ის ცნობით, კვიპროსში გადაიყვანეს სამხედრო ფლოტის სპეციალური ძალების (KSM) მებრძოლი მყვინთავები და ფედერალური პოლიციის სპეციალური ძალები GSG 9, რომელიც სპეციალიზებულია მძევლების გათავისუფლებაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარი შესაძლოა იყოს არამხოლოდ გერმანიის იმ მოქალაქეების გათავისუფლების სპეცოპერაციაზე, ვინც ჰამასს მძევლად ჰყავს აყვანილი, არამედ მათ ევაკუაციაზეც, ვინც ღაზის სექტორშია ჩარჩენილი.
ამას გარდა, Bild-ის ცნობით, რეგიონში განთავსებულია A400M-ისა და C-130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები.
Bild-ის გარდა, კიდევ 2 გერმანული მედია SWR და RND წერს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმი შეიძლება ისრაელიდან და ლიბანიდან გერმანელების ევაკუაციისთვის გამოიყენონ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.