ნიგერია

ნიგერიაში დიფთერიის ეპიდემიას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Dr Faisal Shuaib/X

ნიგერიაში დიფთერიის ეპიდემია 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის 25 სექტემბრიდან მკვეთრად გამწვავდა. დღევანდელი მონაცემებით, დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ბავშვები, და სავარაუდოდ 14 000 ადამიანი არის ინფიცირებული.

დიფთერია ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით. ის ვრცელდება ხველებით, ცემინებით და ახლო კონტაქტით. 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, ნიგერიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, რადგან ტესტები იშვიათად ტარდება და პაციენტთა ნაწილი სიმპტომების მიუხედავად საავადმყოფოებს არ მიმართავს.

ამასთან, ჯანმოს მონაცემებით, ნიგერიის მხოლოდ 57% არის აცრილი 5-ვალენტიანი ვაქცინით, რომელიც დიფთერიის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა არის. საჭიროა, რომ მოსახლეობის სულ მცირე 80% აიცრას, რათა სამომავლოდ ეპიდემია არ განმეორდეს. 

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აუცრელი ან მხოლოდ ნაწილობრივ აცრილი ბავშვების მშობლებს მათი იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ. 

ნიგერიაში დიფთერიის ახლანდელი ეპიდემია წინაზე გაცილებით უარესია. 2011 წელს ნიგერიაში დიფთერიის 98 შემთხვევა დაფიქსირდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები