ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს ქლევერლი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს ქლევერლი
REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს ქლევერლი ისრაელში ჩავიდა.

"საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა აჩვენოს გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობა ისრაელის ხალხის მიმართ ჰამასის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ". - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ჯეიმს ქლევერლი შეხვდება ჰამასის თავდასხმებს გადარჩენილ მოსახლეობას და ისრაელის მაღალჩინოსნებს.

გასულ დღეებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ისრაელს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით და მხარს უჭერს მის თავდაცვის უფლებას. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები