ოკუპირებული აფხაზეთი

კალაძე ბჟანიას განცხადებაზე: არ გავცნობივარ, მაგრამ თუ მართლა ასეა, უკიდურესად მძიმეა

თბილისის მერია

თბილისის მერი, კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა.

"არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას". - თქვა კახა კალაძემ.

დღეს, 5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კომენტარები