მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვა გაზპრომისგან რუსულ ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს

marketresearchtelecast.com

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, მოლდოვა გაზპრომისგან რუსულ ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს, რადგან ქვეყანამ იაფი გაზის სხვა მიმწოდებელი იპოვა

"ჩვენ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის ბუნებრივ აირს გაზპრომისგან აღარ შევიძენთ". - რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, თქვა პარლიკოვმა.

გარდა ამისა, როგორც მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, კიშინიოვი გაზს ევროპულ ბაზარზე არსებული მიმწოდებლისგან მიიღებს.

2021 წლის ოქტომბერში მოლდოვაგაზმა და გაზპრომმა გააფორმეს ხუთწლიანი კონტრაქტი, რომელიც რუსეთის მიერ მოლდოვისთვის წელიწადში 3.3 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ კიშინიოვს რუსეთის მიერ დათვლილი $709-მილიონიანი ვალი გადაეხადა. თუმცა, მოლდოვაგაზი მხოლოდ $8.6 მილიონის გადახდაზე იყო თანახმა. 

ნორვეგიული კომპანია Wikborg Rein Advokatfirma AS-ისა და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Forensic Risk Alliance-ის ჩატარებული აუდიტის შედეგების მიხედვით, 1991 წლიდან 2002 წლის დეკემბრამდე მოლდოვისთვის დაახლოებით $278 მილიონის ღირებულების გაზის მიწოდება შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო შეუძლებელია დადასტურებულიყო. 

მას შემდეგ, რაც ვალის გადახდასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის დავა წარმოიშვა, გაზპრომმა უარყო აუდიტორების დასკვნა და გაზის მიწოდება მოლდოვაში გაანახევრა. ამ ქმედების ასახსნელად კი რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ უკრაინულმა მხარემ საექსპორტო მილსადენის ორი შესასვლელიდან ერთ-ერთი დაბლოკა. 

კომენტარები