ოთარ ფარცხალაძე

პრეზიდენტი ფარცხალაძეზე: მიზანშეწონილად არ მიმაჩნია მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ შეუწყვეტს. 

მანამდე, 19 სექტემბერს, ზურაბიშვილის ადმინისტრაცია წერდა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.

"ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე". - წერია 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ყოფილი გენერალური პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძესთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა და სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტომ დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა. 

კომენტარები