პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ 80 დეპუტატის წარდგინება წარმოებაში მიიღო. საქმეს ზეპირი მოსმენით სასამართლოს პლენუმი განიხილავს პრეზიდენტისა და წარდგინების ავტორების მონაწილეობით.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31 1 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 31 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი". - ნათქვამია სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.

საქმის წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო პლენუმი განიხილავდა - სხდომის თავმჯდომარე მერაბ ტურავა, ხოლო მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იყო.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 14 სექტემბერს გადაეცა


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები