რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რესპუბლიკელი სენატორები ბაიდენს მოუწოდებენ, უკრაინას ATACMS-ის რაკეტები დაუყოვნებლივ გადასცეს

8th United States Army/Handout via REUTERS/File Photo

ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტები დაუყოვნებლივ გადასცეს.

"ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ ტაქტიკური სარაკეტო სისტემები [ATACMS] უკრაინაში. ამის გადადება კიდევ უფრო დააზიანებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გაახანგრძლივებს ამ კონფლიქტს." - წერია განცხადებაში.

ამასთან, სენატორების თქმით, ATACMS-ით უზრუნველყოფა უკრაინას საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე საკვანძო ლოჯისტიკურ და საკომუნიკაციო ობიექტებს, ასევე საკრუიზო რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილებს.

"ბრიტანული Storm Shadow-თი სევასტოპოლის ნავსაშენებზე უკრაინის ბოლო დარტყმა ბრძოლის ველზე ასეთი იარაღის ეფექტურობას აჩვენებს." - წერია განცხადებაში.

სენატორების თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება მისი ამჟამინდელი კონტრშეტევისა და შემდგომი ოპერაციების წარმატების ალბათობას მაქსიმალურად გაზრდის.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხზე. 

ATACMS-ის მსგავსი შორი მანძილის სისტემებს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც აწარმოებენ, თუმცა ამერიკული მოდელის უპირატესობა მისი ხმელეთზე გადაადგილების სიმარტივეა. 

2023 წლის სექტემბერში უკრაინის ძალებმა აჩვენეს თავიანთი უნარი, რომ საჰაერო თავდასხმები მტრის ტერიტორიაზე უფრო ღრმად განახორციელონ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ რუსეთის ნავსაშენებს სევასტოპოლში, ყირიმში, სადაც დააზიანეს რუსული წყალქვეშა გემი და სამხედრო ხომალდი. ეს ოპერაცია სწორედ ბრიტანული წარმოების შორი მანძილის რაკეტებით - Storm Shadow-თი განხორციელდა, რომელიც ATACMS-ის მსგავსი სისტემაა. 

კომენტარები