რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ უკრაინისთვის ATACMS–ის ტიპის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილებას უახლოვდება

 DEFENSE MINISTRY/ZUMA PRESS

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის შორი მანძილის რაკეტების გადაწყვეტილებას უახლოვდება. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ხელახლა აფასებენ არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხს. 

აშშ არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების რამდენიმე ვარიანტს აწარმოებს, რომელთაც 100-დან 190 მილამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ. ATACMS-ის ტიპის რაკეტების გასროლა HIMARS-ის სისტემას შეუძლია, რომელიც აშშ-მ უკრაინას 2022 წელს მიაწოდა. 

"მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენი პოზიცია იყო, რომ ჩვენ მივაწვდით უკრაინას ყველა იმ იარაღს, რაც მას დასჭირდება ბრძოლის ველზე" - თქვა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფინერმა. თუმცა, ფინერს პრესკონფერენციაზე არ დაუდასტურებია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ს მთავრობამ ATACMS-ის გადაცემის თაობაზე.

შემდეგ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. სავარაუდოდ, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტთან და კონგრესმენებთან. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხზე. 

ATACMS-ის მსგავსი შორი მანძილის სისტემებს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც აწარმოებენ, თუმცა ამერიკული მოდელის უპირატესობა მისი ხმელეთზე გადაადგილების სიმარტივეა. 

2023 წლის სექტემბერში უკრაინის ძალებმა აჩვენეს თავიანთი უნარი, რომ საჰაერო თავდასხმები მტრის ტერიტორიაზე უფრო ღრმად განახორციელონ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ რუსეთის ნავსაშენებს სევასტოპოლში, ყირიმში, სადაც დააზიანეს რუსული წყალქვეშა გემი და სამხედრო ხომალდი. ეს ოპერაცია სწორედ ბრიტანული წარმოების შორი მანძილის რაკეტებით - Storm Shadow-თი განხორციელდა, რომელიც ATACMS-ის მსგავსი სისტემაა. 

კომენტარები